რა არის მასშტაბური მინიატურული საკოლექციო მოდელი?
ხშირად ისმის კითხვა: რა არის რეალურად მასშტაბური საკოლექციო მოდელი? ეს არის რეალური ობიექტის (ავტომობილის, თვითმფრინავის, გემის, ავიაციის თუ არქიტექტურული ობიექტის) ზუსტი, პროპორციულად, მასშტაბში შემცირებული ასლი, რომელიც იქმნება ზუსტი საინჟინრო ნახაზების მიხედვით. მინიატურული მოდელის მთავარი მიზანი რეალობის მაქსიმალური იმიტაცია და ისტორიული სიზუსტის დაცვაა.
რით განსხვავდება საკოლექციო მოდელი სათამაშოსგან?
მთავარი კრიტერიუმი დეტალიზაციასა და დანიშნულებაშია. სათამაშოსგან განსხვავებით, რომლის დანიშნულებაც თამაშია, მინიატურული მასშტაბური საკოლექციო მოდელი სტატიკური ექსპონატია, რომლის დანიშნულებაც ობიექტის ვიზუალიზაციაა.
ის მზადდება სპეციალური ტექნოლოგიური მასალებისგან (მეტალი, ეპოქსიდი, პლასტმასი, აკრილი და სხვა). საკოლექციო მოდელს აქვს ფაქიზი, ხელით აწყობილი დეტალები და არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის, რადგან ადვილად მსხვრევადია.
რა არის მასშტაბი?
მასშტაბი განსაზღვრავს, რამდენჯერ არის შემცირებული მოდელი ორიგინალთან შედარებით. მაგალითად, 1:18 ნიშნავს, რომ მინიატურული მოდელი ნამდვილ ობიექტზე 18-ჯერ პატარაა. რაც უფრო მცირეა მეორე ციფრი, მით უფრო დიდია მოდელი.
-
ყველაზე პოპულარული მასშტაბებია: 1:87, 1:64, 1:43, 1:24 და 1:18.
-
სხვა გავრცელებული მასშტაბებია: 1:220, 1:160, 1:120, 1:72, 1:48, 1:35, 1:32.
მოდელიზმი იყოფა რამდენიმე ძირითად მიმართულებად:
-
სხმული მოდელები: ლითონისგან, ეპოქსიდისგან ან პლასტმასისგან ჩამოსხმული მზა მოდელები.
-
ასაწყობი მოდელები (ე.წ. კიტები): (ავიაცია, სამხედრო ტექნიკა, ავტომობილები და სხვა), რომლებსაც მოდელისტი თავად აწყობს და ღებავს.
-
რკინიგზის მოდელიზმი: მოძრავი შემადგენლობები და ლანდშაფტები.
-
რადიომართვადი მოდელები: მოძრავი მასშტაბური მოდელები, რომლებიც მასშტაბში მაქსიმალურად იმეორებენ პროტოტიპის ვიზუალსა და ფუნქციებს.
მასშტაბური მინიატურული მოდელის ფუნქცია — ესთეტიკური სიამოვნება, ისტორიული რეალობის ვიზუალიზაცია და შენახვაა. ხშირ შემთხვევაში ის ფინანსური ინვესტიციაცაა, რადგან იშვიათი და ლიმიტირებული საკოლექციო მოდელების ფასი დროთა განმავლობაში იზრდება.